ნახევარმილიონიანი ელექტორატი ყოჩის და სარდლის გარეშეა, რადიკალური და გავარვარებული ამომრჩეველი უმეთაუროდ არის დარჩენილი და რამდენიმე ოპოზიციონერმა გადაწყვიტა, რომ ამ ხმების ტალღას დააჯდეს და თავად წაიღოს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დავიდარაბაა და ერთი პარტიის სახელით ხუთი სხვადასხვა პარტია ლაპარაკობს.
„ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებს მართლა გარიდებულია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება, კი ხედავთ. ნახევარმილიონიანი ელექტორატი ყოჩის და სარდლის გარეშეა, რადიკალური და გავარვარებული ამომრჩეველი უმეთაუროდ არის დარჩენილი და რამდენიმე ოპოზიციონერმა გადაწყვიტა, რომ ამ ხმების ტალღას დააჯდეს და თავად წაიღოს, რადგან სააკაშვილი არ აქტიურობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საშინელი დავიდარაბაა. პრაიმერი პარტიაში ტარდება. როგორ შეიძლება, ოპოზიციაში პრაიმერი ჩატარდეს. ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და ახლა არის ამაო ძალისხმევა, ისევ გავერთიანდეთო. ვინც ყოჩობას იბრალებს, ყოჩად არცერთი არ მიმაჩნია. სამეულს მცდელობა აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ელექტორატის რაღაც ნაწილი წაიღოს, რადგან თავად „ნაცმოძრაობა“ ერთი მესიჯითაც ვეღარ გამოდის. ერთი პარტიის სახელით ხუთი სხვადასხვა პარტია ლაპარაკობს. ვიღაცებს უნდათ, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.