მორიგ ჯერზე დავინახეთ უხეში ჩარევა და პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური მიკიტა პოტურაევის განცხადებას.
„ისეთი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს ვისმენთ, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში ბოლო წლების განმავლობაში ათობით პარტია აქვთ აკრძალული. ხშირ შემთხვევაში არა ასე ღიად და გამჭვირვალე პროცესების შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ერთი ხელის მოსმით, ხოლო ჩვენთან როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, თურმე, არ გვაქვს დემოკრატიისკენ სწრაფვის უფლება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და უკრაინის რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია. პოტურაევი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა. მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა.
