საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის შედეგებზე ისაუბრა.
როგორც იზორიამ დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რეორგანიზაციის შედეგად შეიარაღებულ ძალებში კადრების განკარგულებაში გადავიდა 76 ოფიცერი და 88 კაპრალ-სერჟანტი. მისივე ინფორმაციით, 209 ოფიცერმა კი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები, ხოლო მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 197 500 ლარი შეადგინა. კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით. კერძოდ, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი მიიღებს – 10 000 ლარიან კომპენსაციას, კაპიტანი – 14 000 ლარს, მაიორი – 18 000 ლარს, ვიცე-პოლკოვნიკი – 23 000 ლარს, პოლკოვნიკს – 29 000 ლარი.
ამავე უწყების ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პირების რაოდენობა 4 870 იყო, ოპტიმიზაცია ძირითადად ეხება სწორედ სამოქალაქო პირებს. მათგან ე. წ. ვარსკვლავიან შტატზე იმყოფებოდა 3 181 პირი და შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა შეადგენდა 1 689. ამ დროისთვის კადრების განკარგულებაში 502 სამოქალაქო პირია გადასული.
”რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ძირითადად შეეხება სამოქალაქო პირებს. ამ მხრივ პრობლემა წლების განმავლობაში არსებულ ე.წ. ვარსკვლანიან თანამდებობებთან დაკავშირებით არსებობდა, რაც გაუქმდა. არსებულ კანონმდებლობაში არსებობს სამხედრო ან საჯარო სამსახური, თუმცა ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობის შესახებ არაფერია გათვალისწინებული ანუ, მოჰყავდათ ქუჩიდან, ასაქმებდნენ და აძლევდნენ წოდებას კვალიფიციკაციის მიუხედავად. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ასეთი თანამდებობის გაუქმების. რაც შეეხებათ კადრებს, ჩვენ შევქმენით კომისია, რომელიც სწორედ სამოქალაქო პირების კვალიფიკაციას შეაფასებს და ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს ობიექტური კრიტერიუმებით”, – განაცხადა იზორიამ.