საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება.
ქალაქ ტყიბულში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, დასრულდა გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები და მიმდინარეობს მესამე ეტაპის სამუშაოები.
მესამე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია უტარდება 3 შენობას, 1 სკვერს, მიმდებარე ტროტუარებს და ღობეებს.
სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, რეაბილიტირდება 42 შენობა, 1 სკვერი და მიმდებარე ტროტუარები.
ასევე, მოხდება გაზონების გამწვანება და ღობეების მოწყობა.
„განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.