უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ყირიმის ხიდის დარჩენილი ნაწილის სრულად განადგურება დაავალა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, საავტომობილო მონაკვეთის დაზიანების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხიდზე ახალი იერიშების განსახორციელებლად ემზადებიან. წყაროს ინფორმაციით, წინა დარტყმების შედეგად, რომელთა დროსაც 11 სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს, ხიდის სარკინიგზო მონაკვეთის კონსტრუქცია მნიშვნელოვნად დასუსტდა.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ოპერაციაში გადამწყვეტი როლი უკრაინულ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტა „ნეპტუნს“ ენიჭება. მისი მოდერნიზებულ მოდელს სამიზნის განადგურება 1 000 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.
პარალელურად, ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ იუწყება, რომ ქერჩის სრუტის ხიდზე იერიშების დროს გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ისრაელის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემის, HiSKY-ის ტერმინალებით იყო აღჭურვილი. გამოცემის ცნობით, ილონ მასკის Starlink-ისგან განსხვავებით, აღნიშნული სისტემა რუსეთის ტერიტორიაზეც მუშაობს, რის გამოც უკრაინული ძალები მას რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების აღმოსაჩენადაც იყენებენ.
„უოლ სთრით ჯორნალის“ რესპონდენტის შეფასებით, HiSKY-ის სისტემის ექსპლუატაცია უფრო რთულია და ადგილზე ტექნიკური სპეციალისტების ყოფნას მოითხოვს. მას დრონების ყოველდღიური ოპერაციებისთვის ნაკლებად გამოიყენებენ და ძირითადად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მისიებისთვის შეინახავენ.
