Bruno Mars-ს ევროპაში ტურნე არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმე მისი კონცერტითაა დაინტერესებული, მთელი მსოფლიოდან საქართველოში მოიყრის თავს, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, Black Sea Arena-ს გვერდზე შეინიშნება ინტერესი ისეთი შორეული ქვეყნებიდან, როგორიცაა ბრაზილია.
„ასეთ კონცერტებს განსაკუთრებული ნიშა აქვს, რადგან დიდი შანსია, საქართველოში ჩამოვიყვანოთ ისეთი მოგზაური, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ გეგმავდა ჩამოსვლას. მთლიანობაში, Starring Georgia-ს ფარგლებში ველოდებით 150 000 სტუმარს, რაც 150 000 ლარზე მეტი იქნება საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალი“, – განაცხადა ომიაძემ.
მსმენელს Bruno Mars-ის მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.
Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.