„იმედის კვირის“ ყურადღების ცენტრში ის კლინიკები აღმოჩნდა, რომლებიც დარღვევების გამო დაჯარიმდნენ. გადამღები ჯგუფი რამდენიმე ასეთ დაწესებულებას ესტუმრა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შემოწმებული 107 ჰოსპიტლიდან 105 ის რეანიმაციულ განყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.
იმის მიუხედავად, რომ შემოწმებული კლინიკების 95% არღვევს სტანდარტს, დღეს არ არსებობს იქ არსებული მდგომარეობის გაკონტროლების ეფექტიანი მექანიზმი და თუნდაც სტერილიზაციის პირობები დაარღვიოს, კლინიკა მაქსიმუმ 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. ასეთია დღევანდელი კანონმდებლობა, თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს, სწორედ სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
„ეს ცვლილებები დაკავშირებულია სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების დაუყოვნებლივ შემოწმებასთან და ცვლილება ეხება ფარმაცევტულ სექტორში, როგორც აფთიაქების, ასევე მწარმოებლებისა თუ დისტრიბუტორების შეუზღუდავად, დაბრკოლების გარეშე შემოწმებას. ეს რეფორმები, რომლებიც წინა წელს დავიწყეთ და წელსაც აუცილებლად მოითხოვს მკაცრ და ეფექტიან კონტროლსა და მონიტორინგ. სხვა შემთხვევაში რეფორმებს აზრი დაეკარგება და რეფორმა დარჩება მხოლოდ ფურცელზე და მას პრაქტიკაში ვერ გავატარებთ“, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.