საკითხის დასმა კინოს შესახებ, ვფიქრობ, ძალიან სწორია. სხვა ამბავია, ეს რეორგანიზაცია როგორ იმუშავებს და რა შედეგებს გამოიღებს. თუ შესაძლებლობა იქნება ფილმების დაფინანსება გაიზარდოს, ეს ბევრ კარგ შედეგს მოიტანს და ამ შემთხვევაში რეორგანიზაცია სწორი იქნება, – აცხადებს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
როგორც კოკოჩაშვილი აღნიშნავს, დროა, ვიფიქროთ იმაზე, რომ კინოში უკეთესი ნაბიჯი გადაიდგას.
„ჩემი სცენარი 2012 წელს არ მიიღეს, 2014 წელს კიდევ ვადა გამიგრძელეს და 2018 წელს შეგვეძლო წარმოებაში ჩაშვება. მერე პანდემიაც დაიწყო…მე ჯერ კიდევ ათი, შემდეგ – ხუთი წლის წინაც მქონდა საუბარი, რომ საჭიროა საბჭო არა მხოლოდ სცენარის, პროექტის მიღებასთან იყოს დაკავშირებული, არამედ, აქედან თუნდაც ორი ადამიანი ვალდებული იყოს, რომ იმ პროექტს, რაც მათ მიერაა დამტკიცებული, ბოლომდე მიჰყვეს. ამისთვის ხელფასს უნდა იღებდნენ, თორემ სხვანაირად გვერდით არავინ დაგიდგება და მოგეხმარება. ამის შესახებ ორჯერ დავსვი საკითხი, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ამიტომ ვამბობ, რეორგანიზაცია თუ იქნება, დემოკრატიული და სწორი გადაწყვეტილება, ძალიან საჭიროა! თუ კინოს დამოუკიდებელ, ხელოვნების თავისუფალ დარგად დატოვებს! არავინ, იდეოლოგიურად, ან სხვა მხრივ, არ დაიწყებს „ზემოდან“ ჩარევას. ვფიქრობ, სერიოზული საბჭოს შექმნაა საჭირო, რომელიც თავის მოსაზრებას დააფიქსირებს ამის შესახებ. დროა, ვიფიქროთ იმაზე, რომ კინოში უკეთესი ნაბიჯი გადაიდგას, კინოცენტრს რა ტიპის სპეციალისტები სჭირდება და არა იმაზე ვისაუბროთ, ამან იმუშაოს და იმან – არა. ფიქრი იმაზე, როგორ გაუმჯობესდეს კინოცენტრში მუშაობა, ეს საჭიროა დროგამოშვებით ხდებოდეს! თუმცა, არა ვიღაცის სურვილის ზეგავლენით. თვით კინემატოგრაფისტების მონაწილეობით და ფიქრით. ისე, როგორც 20 წლის წინ მოხდა დემოკრატიული ნაბიჯის გადადგმა თავისუფალი ხელოვნების ჩამოყალიბების პრინციპებთან დაკავშირებით, ეს ჩაურევლობის პრინციპი უნდა იყოს საფუძველთა საფუძველი“, – აცხადებს მერაბ კოკოჩაშვილი.