„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინის მიერ დაწყებული აჯანყების მიზანს რუსეთის თავდაცვის მინისტრის შეცვლა წარმოადგენს.
„როგორც ჩანს, პრიგოჟინმა დაიწყო შეიარაღებული აჯანყება, რათა გამოიწვიოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ცვლილება, დიდი ალბათობით ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება“, – აღნიშნავენ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები.
მათივე განცხადებით, პრიგოჟინი ცდილობს, მიიმხროს რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან არმიისგან სერიოზული სამხედრო დახმარება მიიღოს, ვინაიდან „ვაგნერთან“ აფილირებულმა არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა პრიგოჟინის მოწოდებები საჯაროდ დაგმო.
მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით.