საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულად მიმდინარეობს.
დაზიანებულ მონაკვეთზე, შემოსაზღვრულია ის ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, გზის ერთ ზოლზე კი გადაადგილება შესაძლებელია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა და გზის აღდგენის სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყება.
პროექტირების ფარგლებში, მონაკვეთის სირთულიდან გამომდინარე, ჩატარდა გზის კომპლექსური შესწავლა და დამუშავდა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია.
დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოებით გადაიჭრება არსებული პრობლემები და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გადაადგილება.