ჭიათურელ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა. სახელმწიფოს ჩართულობით, მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის ელი იანვრიდან, 1-ელი ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1-ელი ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.
შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა. სწორედ ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. ასევე ამავე კომისიამ 3 თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.