ჩვენი მიზანია ჯარის პოპულარიზაცია და ის, რომ აღვზარდოთ პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე განაცხადა.
„ეს პროექტი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობისაა არის ჩვენი სიამაყე და მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო ამისთვის ბატონ პრემიერ-მინისტრს, ამ მხარდაჭერისთვის, რაც მან გამოხატა არა მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის მიმართ, არამედ კომპლექსურად. ჩვენ თუ შევაფასებთ იმას, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, ის, რომ დავიწყეთ კადეტთა კორპუსის მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოში, რაც ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ გვაქვს კადეტთა სასწავლებელი ქუთაისში. ჩვენი სკოლის დამთავრებული ბავშვები აბარებენ უმაღლესი ქულებით ძალიან გამორჩეულები არიან. ერთის მხრივ ჩვენ ვიღებთ განათლებულ და ცოდნის მქონე ახალგაზრდებს. სწორედ ეს არის იმ კომპლექსურობის ნაწილი, რასაც ჰქვია ბანაკი. ჩვენი მიზანი არის ჯარის პოპულარიზაცია და ის, რომ აღვზარდოთ პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობა. ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების ეპოქაში არ დავკარგოთ ის ღირებულებები, რაც გვაქვს. შევინარჩუნოთ, გავაღვივოთ, რამეთუ ამაზე დგას ჩვენი სამშობლო და უნდა იდგეს თქვენი ოჯახები. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა.