შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, მიიღებს, ახალი კოდექსით დავარეგულირეთ მათ შორის წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვის ახალი კოდექსი ძალიან პოპულარული იქნება ახალგაზრდებში.
„ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეში დაამტკიცებს, მიიღებს. ჩვენ დავარეგულირეთ მათ შორის წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება, ძალიან პოპულარული იქნება ახალგაზრდებში. მინიმუმ 6 თვიანი პროგრამები იქნება, ასევე იქნება 8 თვიანი, 10 თვიანი, 11 თვიანი იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს. ასევე, სტუდენტებისთვის მოვიფიქრეთ ახალი გამოსავალი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ სტუდენტი, რომელიც ჩაერთვება ამ ახალ პროგრამაში და წელიწადში 1 თვეს დაჰყოფს, გაატარებს დროს, მიიღებს მონაწილეობას ჯარში, 4 წლის თავზე, 4 თვის დასრულების შემდეგ მას ჩაეთვლება სამხედრო სამსახური მოხდილად. ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში, ბატონ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ჩვენს სამხედროებს, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართება ყოველ საღამოს. მეც თუ დამპატიჟებთ სიამოვნებით ჩავერთვები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია დისკუსია გაიმართოს, ნებისმიერ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი ჩვენს ახალგაზრდობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს. თქვენ გეკუთვნით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. ჩვენი მომავალია თქვენს ხელში, ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ხელი შეგიწყოთ მაქსიმალურად თქვენს სწორ განვითარებაში, სწორ აღზრდაში და რაც მთავარია, თქვენი მიზნების მიღწევაში,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.