გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი. აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელსი წერს.
„გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით).
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (რომლის ერთადერთ ინვესტორს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) მიერ დაფინანსებულ ,,მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.
2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი – მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.
პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტობრივად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში.
ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა.
სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა.
ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა მტკვრის ჰესის მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით“, – წერს თეიმურაზ წიქვაძე.