ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ გეგმა, რომელიც 12 რეკომენდაციითა გათვალისწინებული. პარტიასთან და პარლამენტთან ერთად შევთანხმდით მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა პუნქტზე იქნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმუმს გააკეთებენ რეკომენდაციების შესასრულებლად.
„მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, ამიტომ მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა. რომელსაც ჩვენ არ შევეგუები. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მით უმეტეს, კიდევ გავიმეორებ, იმ ქვეყნებთან შედარებით – უკრაინა, მოლდოვა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ამ ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. მით უმეტეს, იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე, იმ მიღწევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა, პარტიამ, პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.