ბრიტანეთში, საფოლკის საგრაფოში მდებარე ლეიკენჰითის (RAF Lakenheath) სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიმდინარე თვის დასაწყისში ექვსამდე დრონი გამოჩნდა, რომელთა მოგერიებაც ამერიკულმა სამხედროებმა ბაზაზე განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით შეძლეს. ინფორმაციას Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. ბაზაზე უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. წყაროების ცნობით, ირანის შესაძლო კავშირი ინციდენტთან ეჭვის საგანია.
ლეიკენჰითის ბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების 48-ე გამანადგურებელი ავიადანაყოფია განთავსებული. ეს ევროპაში ამერიკული გამანადგურებელი ავიაციის ყველაზე დიდი ბაზაა, სადაც თითქმის 7 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები წარმატებით გამოიყენა და დრონები მოიგერია, თუმცა ვერც ბრიტანელმა და ვერც ამერიკელმა სამხედროებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა და აპარატების ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს.
ბაზამ ჯერ კიდევ სექტემბერში დაადასტურა, რომ უსაფრთხოების „ჩარლი“ (Charlie) რეჟიმზე იმყოფებოდა, რაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საფრთხის დონის მეორე ყველაზე მაღალი კატეგორიაა.
დრონების აღმოჩენისა და მათი ხელში ჩაგდების შეუძლებლობის გამო, გაურკვეველი რჩება, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე სახის ტვირთი. წყაროების განცხადებით, ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებები ვერ გამორიცხავენ, რომ აპარატებს ასაფეთქებელი მოწყობილობა, სადაზვერვო აღჭურვილობა ან სხვა ტექნიკური საშუალებები გადაჰქონდათ.
ეს შემთხვევა მიმდინარე წელს ინციდენტების სერიის ნაწილია ბრიტანეთის იმ სამხედრო ობიექტებზე, რომლებსაც აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ. მათ შორისაა გლოსტერშირში მდებარე ფეირფორდის (RAF Fairford) ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის სავარაუდო გეგმაც. თეირანი მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფს.
აშშ-ის საჰაერო ძალებმა 13 ნოემბერს დაადასტურეს, რომ ბაზაზე „დრონების სავარაუდო უნებართვო აქტივობას“ უპასუხეს. უწყების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არცერთი სამხედრო მოსამსახურე, თვითმფრინავი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტი არ დაზიანებულა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო ბაზების დაცვა უწყებისთვის „უმაღლესი პრიორიტეტია“ და უსაფრთხოების ზომების გადახედვა და გაძლიერება მუდმივად მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტზე რეაგირებისას თავდაცვის სამინისტროს პოლიცია და საფოლკის პოლიცია აშშ-ის საჰაერო ძალების უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და შემთხვევა სწრაფად აღიკვეთა.
ბრიტანეთის მთავრობა სამხედრო ობიექტებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 470 მილიონი ფუნტის ინვესტირებას გეგმავს. თანხა ფიზიკური დაცვის, სათვალთვალო სისტემებისა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
