ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 23-30 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მართავს, რომელიც ეძღვნება უდიდესი ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება.
ორგანიზატორთა განცხადებით, მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები პიანისტი ჟან-ბერნარ პომიე, მევიოლინე ოლგა მარტინოვა, ჩელისტები ჰაიუნგ ჩოი და იბაი ჩენი, ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი.
23 სექტემბერს, 19:00 საათზე, თელავის თეატრში ფესტივალის პირველ საღამოს მსმენელის წინაშე სამი სოლისტი წარდგება: ქართველი ახალგაზრდა ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი, რომელიც კახა ცაბაძის კონცერტს ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის შეასრულებს; ცნობილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი მოცარტის #23 (A Major, K. 488) კონცერტს დაუკრავს, ახალგაზრდა კორეელი ჩელისტი, 2022 წლის დედოფალ ელისაბედის კონკურსის გამარჯვებული ჰაიუნგ ჩოი კი მსმენელის წინაშე პირველად ელგარის კონცერტით (E minor, Op.85) წარდგება.
„საფესტივალო ორკესტრს დირიჟორებს, ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი, არიელ ცუკერმანი. ორკესტრის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.
როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.
„ფესტივალის განმავლობაში თელავის თეატრის ფოიეში გაიმართება ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენა, რისთვისაც ფესტივალი დიდ მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმს და პირადად მარინა ჩიხლაძეს, რომლის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა გამოფენის მოწყობა. ასევე, ნუგეშა მესხს, პირადი არქივის მასალების მოწოდებისთვის“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.