სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ სამი თვე დაელოდება, ვიდრე ფარცხალაძე დაალაგებს თავის საქმეებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„პირდაპირ მივმართავ, ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როგორც არის მთელი „ქართული ოცნების“ დაჯგუფება, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს ხართ? ტყუილების კასკადია, რასაც ამბობთ. ამიტომ მორჩით ახლა ამ სისულელეებს. მარტივი კითხვაა თქვენთან: ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როცა უნარჩუნებთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი?! მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებას, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. და კიდევ, სამშაბათსა და პარასკევს შორის რა შეიცვალა?! სამშაბათს ითხოვდით დაუყოვნებლივ შეწყვეტას და პარასკევს გამოგვეცხადეთ: არა, ჯერ არ უნდა შეუწყდეს მოქალაქეობაო. ეს მაფიქრებინებს, რომ ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე, ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.