რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება? – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე სუსის მიერ გასაჯაროებულ კადრებს. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საჭირო იქნება აშშ-სგან განმარტებების მიღება.
„ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა გაირკვა, რომ მათ მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენს ქვეყანაში, რაც შემაშფოთებელია. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რაც გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID-ი, რაც ნიშნავს „ამერიკის დახმარება“. მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით – რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, მერე იყო ფრანკლინის კლუბი, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობა. ახლა ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე.
სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგის სათაურია „არაძალადობრივი აქტივობა“, თუმცა, სინამდვილეში, ვნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის – არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის – მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა შენარჩუნებული აქვს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.