საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა დღეს 11:00 საათზე განახლდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, დღეს იქნება პროცესის მონაწილეებს შორის შეკითხვების ეტაპი და დასკვნითი სიტყვები.
გუშინდელ სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ წარდგენილ არგუმენტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ბუნდოვანი და სუსტი უწოდეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები „აიჭრნენ“ და გადავიდნენ დესტრუქციაზე. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პროცესი დღეს სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.
დაარღვია თუ არა კონსტიტუციის გარანტმა ქვეყნის მთავარი კანონი – ამ კითხვას პასუხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანი პლენუმი 14 ოქტომბრამდე გასცემს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო.