ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თუ რა ხდება ქართულ საზოგადოებაში და მე ნამდვილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის გამო, რომ ვხედავ, ქართული საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის იდეას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„ვფიქრობ, თქვენს პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას აქვთ ძლიერი მანდატი, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველო ევროკავშირთან უფრო დააახლოონ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება გვექნება ოქტომბერში, ჩემი ქვეყანა, ლიეტუვა არის ძლიერ მოტივირებული, რომ დეკემბერში საქართველოს ევროპული საბჭოს სხდომაზე პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომ შეუერთდნენ კლუბს და რეგიონში შეიტანონ თამაშის დემოკრატიული წესები“, – განმარტა გიტანას ნაუსედამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში დღეს იხსნება.
ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში ჩაერთვება. ასევე, მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერი გრანადაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.