სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი გ.ი-ა მხილებული, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ქალაქ ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.
დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – აცხადებენ აღნიშნულ სამსახურში.