”გინდა ამასთან გადაგიღიათ ფოტო და გინდ ავტომატიან რურუასთან!”, – ჟურნალისტს ნინო მიქიაშვილის facebook-პოსტს, სადაც მიქიაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, დეპუტატი ეხმაურება:
”ნინო მიქიაშვილის პოსტს არ შევეხმიანებოდი, რამეთუ ყველა მოქალაქეს სრული უფლება გააჩნია ჩემზე და ჩემ საქმიანობაზე საკუთარი აზრი გააჩნდეს და თუნდაც გაუზიაროს სხვებს!
მე სხვა კუთხით მინდა ჟურნალისტს და მოქალაქეებს ავუხსნა ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება: დღეს მე ვარ არ მხოლოდ მე – ანუ ჩემი პირადი ხედვებით და ანალიზის თუ კრიტიკის უნარით- არამედ დეპუტატი, მაჟორიტარი. თუ გვინდა საქმის გაკეთება – და პირადად, არა თუ მინდა არამედ კონკრეტული გეგმები გამაჩნია, რომლებსაც მალე გაგაცნობთ – ამ საქმეში ვერც ჩემი (თუ სხვისი) გემოვნებით, ვერც რამე სხვა ნიშნით ვერ ვიხელმძღვანელებ და შევარჩევ, ვის შევხვდე და ვის არა მეტადრე იმ ოფიციალურ პირთა შორის, ვისაც იმ თუ ამ დარგზე ხელეწიფება.
თუ გადახედავთ ჩემ გვერდს ნახავთ რომ ახალწლების შემდგომ პერიოდში, გავმართე მრავალი შეხვედრა: შევხდი ამ უბნის თეატრის, ფოკლორის, გალერიების ხელმძღვანელებს, ასევე ოპერის, კულტურის დარგში სასწავლო დაწესებულებების დირექტორებს (აკადემია, კონსერვატორია, თეატრალური ინსტიტუტი), მოსწავლე-ახალგაზრდთა სასახლის დირექტორს, ქალაქის არქიტექტურულ სამსახურს, ჩუბინიშვილის ცენტრის წარმომადგენლებს… ასევე შეხვედრები შედგა ქალაქის მართველობასთან და მოსახლეებთან კონკრეტულ რამდენიმე ავარიულ ძეგლეთან მიმართებაში რომ რამენაირად გადაწყდეს და გადაიჭრეს უსაძლისი ჯადოსნური წრე რომელიც მოსახლეობას და ქალაქსაც აზიანებს!
ეს ყველაფერი არის ჩემი მოვალეობა- ასე მესმის დეპუტატის ვალდებულება. ასევე სოციალურ საკითხების მოგვარების მცდელობა (სამწუხაროდ ამ კუთხით შეხვედრების, ადგილზე მისვლის და ადამიანურ დამოკიდებულების გარდა ცოტა რამ შეგვიძლია) და ნებისმიერ საკითხის გარკვევის აუცილებელი წინაპირობა…
აქედან გამომდინარე გაუგებარი იქნება ვინმეს არ შევხდე, არ მოვუსმინო, მოსაზრებები არ გავიგო პრობლემები არ გამაცნონ (თუნდაც რა პრობლემები შეუქმნა ყველა კულტურის დაწესებულებას 10 პროცენტის სეკვესტრმა რომელიც ადმინისტრატიულ ხარჯებ სუნდა ამცირებდეს და არა კულტურის განვითარებას აფერხებდეს! … ასეთი სტერილური დამოკიდებულება – არ ნახვა, არ დალაპარაკება – არავის არგებს და ჩემი გაგებით სახელმწიფო მიდგმომიდან ძალიან შორსაა!”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.
აქვე გთავაზობთ ნინო მიქიაშვილის განცხადებას:
”ქალბატონო სალომე, გინდა ამასთან გადაგიღიათ ფოტო და გინდ ავტომატიან რურუასთან!
ფოტო წუხელ ვნახე და ცხელ გულზე არაფერი დაგიწერეთ, გაგრილებას დაველოდე. ერთი შეხედვით ისე გამოდის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენს რეპუტაციას მე უფრო გავუფრთხილდი და ამ დროს უპირველესად ის გამახსენდა, როგორი მამის შვილი ხართ, როგორ ვითარებაში აღიზარდეთ შუაგულ ევროპაში – ქართულ ტრადიციებზე და წეს-ჩვეულებებზე.
ჯერ თქვენივე ნათქვამი უნდა შეგახსენოთ და მერე ჩემიც უნდა გითხრათ. ამის გაკეთება აუცილებელია – თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, თქვენ ერთი ხმა გაქვთ პარლამენტში და ამიტომ!
2012-ში ლორთქიფანიძისგან კულტურული მემკვიდრეობა თუ დასაცავი და გასადარჩენი გვქონდა, იქნებ გვითხრათ ახლა რა მოხდა და თქვენი აზრით, ეროვნული მუზეუუმი „კულტურის კერა” როგორ გახდა (და კიდევ, სვანეთის სიწმიდეებს ახსენებთ განცხადებაში და მე ჩემს არქივში შენახული მაქვს 2011 წელს თქვენს მიერ გაკეთებული, მაშინ, როცა რურუას-მერაბიშვილს-სააკაშვილს და ლორთქიფანიძეს სვანეთის საგანძური სამშენებლო ნაგავში ჰქონდათ. დიდწილად სავარაუდოდ დღეს საღამოს მოვძებნი და ხვალ კომენტარებში დავდებ თქვენს განცხადებებს).
ახლა ჩემსას გეტყვით და არც ერთ სიტყვას ზედმეტს, ისეთს, რაც დოკუმენტს არ ეფუძნება. რამდნეიმე წუთის წინ ვიყავი შეხვედრაზე პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან, ანალოგიურ პრობლემაზე, დოკუმენტებით ხელში. თქვენთანაც მოვალ, თუ ისურვებთ და ამ დოკუმენტებს, უფრო სწორად სამხილებს გაგაცნობთ.
ფონდები აღრეული და ამორტიზირებულ შენობებშია განთავსებული; მუზეუმები გაქურდულია და განმეორებითი ძარცვა მოსალოდნელია, რადგან საპოლიციო დაცვა და ელექტროდაცვითი სიგნალიზაცია დაკმაყოფილებულია მხოლოდ ორ მუზეუმში…; ეროვნულ მუზეუმში ელექტრონული ტენდერები არ ტარდება; შესყიდვების განხორციელებისას დარღეულია კანონი შესყიდვების შესახებ; გაურკვეველია რა დასახელების, რა რაოდენობის და ღირებულების ექსპონატები ირიცხება მუზეუმის ბალანსზე; კანონის და სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფით იჯარით გაცემულია შენობები; იდენტური სამუშაო აღწერილობების თანამდებობრივ პოზიციებზე გაუგებარი საფუძვლით განსხვავებული სახელფასო სარგოებია. აღწერილობებში ერთად არის აღრიცხულუი ვარგისი, დეფექტური და ჩამოსაწერი აქტივები…
აღარ გავაგრძელებ, მგონი საკმარისია, ოღონდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩემი მოსაზრება და პოზიცია არ არის, ეს აუდიტის დასკვნებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოებიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოგახსენეთ.
მზად ვარ შეგხვდეთ, ეს დოკუმენტები გაგაცნოთ”, – მიმართავს მიქიაშვილი ზურაბიშვილს.