ერთი პერიოდი რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის მოქალაქეები ქირაობდნენ ორჯერ მეტ ბინას, ვიდრე ოდესმე უქირავებიათ საქართველოში. ყიდულობდნენ კიდეც. მაშინაც კი, სტატისტიკური გადახრა, რაც განსაკუთრებული შეშფოთების საგანი იქნებოდა, არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რუსების მიერ ბინების შესყიდვის თემის შემოტანა ხელოვნურია და უბრალო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომელიც უნდა იყოს მიმართული ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ.
„აქ შემოაგდებენ ხოლმე ისეთ ინიციატივას, რაც დამაზიანებელია და შემდეგ რუსული მედია ეხმიანება ხოლმე. ხან რუსეთში კეთდება განცხადებები და ქართული „ნაცმოძრაობის“ მედია ეხმიანება ხოლმე და ასეთი სინქრონია. ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ საქმე საბოლოოდ მაინც რუსული კეთდება. თუმცა, ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს „ლელოს“ ინიციატივას, არის ქართული ინტერესების დაზიანება. ვითომ რუსულს ებრძვიან და ქართულ ინტერესებს აზიანებენ, ეკონომიკის ჩამოშლას ცდილობენ. ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება, სასოფლო სამეურნეო, დიდი რაოდენობით მიწა არ შეუძლია არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ არცერთი ქვეყნის მოქალაქეს, რომ შეიძინოს. სხვა უძრავ ქონებებს რაც შეეხება, ბინებს, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და ა.შ. ბუმი რომ იყო, წელიწად-ნახევრის წინ, მაშინაც კი რაიმე დრამატული გადახრა, რუსეთის მოქალაქეების სასარგებლოდ არ ყოფილა. ხომ გახსოვთ, ერთი პერიოდი რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის მოქალაქეები ქირაობდნენ ორჯერ მეტ ბინას, ვიდრე ოდესმე უქირავებიათ საქართველოში. ყიდულობდნენ კიდეც. მაშინაც კი, სტატისტიკური გადახრა, რაც განსაკუთრებული შეშფოთების საგანი იქნებოდა, არ ყოფილა. ახლა, როცა ეს ბუმი მოიხნა და ჩვეულებრივად გრძელდება ისე, როგორც ყველა ქვეყანაში და როგორც მანამდე, ვიდრე ეს ბუმი იქნებოდა, ახლა ამის შემოტანა ხელოვნურია და უბრალო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომელიც უნდა იყოს მიმართული ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მდინარაძემ.