საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა ორივე მუნიციპალიტეტს, ფოთსაც და ზუგდიდსაც და ამ ზარალის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებები ტარდება ახლა, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
მისი თქმით, მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა.
„საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა ორივე მუნიციპალიტეტს, ფოთსაც და ზუგდიდსაც და ამ ზარალის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებები ტარდება ახლა. პირველ ეტაპზე საუბარია სანაპირო ზოლის გაწმენდით სამუშაოებზე და იმ ზარალის დადგენასა და აღრიცხვაზე, რაც ამ შტორმის შედეგად მივიღეთ. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ძალიან კარგია ის, რომ კერძო საკუთრების მიმართულებით არ გვაქვს მნიშვნელოვანი ზარალი და ძირითადად საჯარო მიმართულებაზე გვაქვს ზარალი. მაგალითად, ფოთში ე.წ. კუნძულის უბანში სანაპირო ზოლზე მთლიანად განადგურებულია ბილიკები, დამცავი ჯებირები, ასევე განადგურებულია კაბელები. ეს ყველაფერი აღდგენას საჭიროებს. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ანაკლია-განმუხურში გაცილებით მეტია ზარალი. განადგურებულია ზღვაზე ჩასასვლელი ბილიკები, სანაპირო ზოლზე მოწყობილი საშხაპეები, განათების სისტემები, კაბელები მიწისქვეშა და მიწისზედა. ჯერ კიდევ ზუსტდება ზარალი“, – აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.