წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია ძალზედ სასიხარულოდ გამოიყურება, იმიტომ რომ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის წარმატება არაერთი მიმართულებით, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შემთხვევაში წინასწარ დოკუმენტში ევროპული საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს და ინსტიტუციურ მოწყობას.
„წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია ძალზედ სასიხარულოდ გამოიყურება, იმიტომ რომ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის წარმატება არაერთი მიმართულებით. მე მივაქცევდი ყურადღებას იმას, რომ როდესაც საუბარია სამომავლო გეგმებზე, ყოველთვის აღნიშნულია, რომ უნდა „გაგრძელდეს“ მუშაობა. ეს ნიშნავს ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას, რაც ძალზედ სასიხარულო ამბავია. სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოში ყველას არ უხაროდეს, როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს მართლაც ძალიან სასიხარულოა. ბუნებრივია, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს განხილული და ჩამოყალიბებული საბოლოო რედაქციით. შესაბამისად, ეს იქნება შეფასების საგანი, მაგრამ წინასწარ, რა თქმა უნდა, მაინც იმედისმომცემია, რომ პროექტი სწორედ ასეა ჩამოყალიბებული, როგორც ეს ინფორმაციაშია მითითებული“, – აღნიშნა სარჯველაძემ.