ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ბევრ სიკეთესთან ერთად, საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სამართალდამცავები და არამარტო საქართველოში. ალბათ, თქვენც გსმენიათ „სკაიპის“ მეშვეობით „კანონიერ ქურდად“ კურთხევის გახმაურებული ამბავი, თუმცა ირკვევა, რომ „სკაიპი“ აქტიურად გამოიყენება ქურდული გარჩევების, წილების გადანაწილებისა და ე.წ. „ობშიაკის“ შეგროვების მიზნითაც.
საქართველოში „კანონიერი ქურდობა“ სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისად, ამ სტატუსის მატარებელი პირები ან ციხეში სხედან, ან საზღვარგარეთ იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი „კანონიერი ქურდები“ საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარებას მაინც ახერხებენ. „პრაიმტაიმი“ გიამბობთ ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არაერთი პირი დააკავა. ყველა შემთხვევაში ხელწერა თითქმის იდენტურია. დავიწყოთ ბოლო შემთხვევით.
23 იანვარს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზაზა.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამინ.გ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ქურდული სამყაროს სახელით სისტემატურად სძალავდნენ ფულს სამარშრუტო ტაქსის მძღოლს. საქმეში „სკაიპის“ მეშვეობით ფიგურირებს „კანონიერი ქურდი“ ლევან ხეირანოვი, რომლის მიმართაც შსს-მ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ხეირანოვის შესახებ ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი მოგიყვებით ამ კონკრეტული საქმის შესახებ.
როგორც გავარკვიეთ, კრიმინალური პოლიციის დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში მოქალაქე კახაბერ კ.-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ჯგუფურად თანხის გამოძალვის ფაქტზე.
კახაბერ კ. მუშაობს #6 სამარშრუტო ტაქსიზე. აღნიშნულ სამარშრუტო ხაზს ფლობს შპს „კაპიტალ გრუპი“. კომპანიის ანგარიშზე მოიჯარე ყოველდღიურად 85 ლარს იხდის. ხელშეკრულება შედგენილია შვიდი წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ მიკროავტობუსი გადადის მოიჯარის კახაბერ კ.-ს მფლობელობაში. სანამ სახელმწიფო სამარშრუტო ხაზებს რეგულირების სფეროში მოაქცევდა, ანუ 2011 წლამდე, #6 სამარშრუტო ხაზზე რამდენიმე მიკროავტობუსს ფლობდნენ ზაზა ბ. და მამამისი ნიკოლოზ ბ. მას შემდეგ, რაც შპს „კაპიტალ გრუპმა“ შეიძინა #6 სამარშრუტო ხაზი, როგორც ყოფილ მეპატრონეს, კახაბერ კ. ზაზა ბ.-ს უხდიდა ყოველდღიურად 50 ლარს. აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ზაზა ბ. ემუქრებოდა სამსახურის დაკარგვით, თუმცა 2017 წლიდან მან თანხის გადახა შეწყვიტა, რასაც მეორე მხარის უკმაყოფილება და საქმის „გარჩევა“ მოჰყვა. გამოძიებით ირკვევა, რომ ზაზა ბ. კახაბერ კ.-ს მიერ თანხის არგადახდის შემთხვევაში საკუთარი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სწორედ ამის შემდეგ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი იძულებული გახდა, სამართალდამცველებისთვის მიემართა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რამაც გამოძიება „კანონიერ ქურდ“ ლევან ხეირანოვის კვალზე გაიყვანა.
საქმე ის გახლავთ, რომ ზაზა ბ.-მ, ვითარების სათავისოდ გადაწყვეტის მიზნით, აღნიშნულ საქმეში ჩართო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი რამინ გ., რომელმაც აღნიშნული სიტუაციის დამოუკიდებლად „მოგვარება“ ვერ შეძლო. 2017 წლის 17 იანვარს რამინ გ.-მ და ზაზა ბ.-მ გლდანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“, კერძოდ SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ „კანონიერ ქურდს“ – ლევან ხეირანოვს, რომელმაც დავაში ჩართული მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კახაბერ კ.-ს ზაზა ბ.-სთვის კვლავ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ უნდა გადაეხადა ფულადი თანხა.
გამოძიების მასალებში დევს ფარული ჩანაწერი, სადაც ასახულია, როგორ აიძულებენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს თანხის გადახდას. სწორედ ამ ჩანაწერში ფიგურირებს „კანონიერი ქურდი“ ლევან ხეირანოვი, რომელიც უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ზაზა ბ.-სა და რამინ გ.-ს მიმართ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.
58 წლის ლევან ხეირანოვი, რომელსაც ქურდულ სამყაროში „ლევონ ბერძენის“ სახელით იცნობენ, წლების განმავლობაში საქმიანობას საბერძნეთში ეწევა. ის ეროვნებით ბერძენია. სხვადასხვა დროს ფლობდა საქართველოს, რუსეთისა და საბერძნეთის მოქალაქეობას. როგორც გავარკვიეთ, ამ ეტაპზე მას საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია. „ლევონ ბერძენი“ საქართველოში 8-ჯერ არის გასამართლებული, სხვადასხვა მუხლით. საქართველოში ბოლო ნასამართლობა 1993 წელს ჰქონდა. ამის შემდეგ იგი მეცხრედ უკვე რუსეთში გაასამართლეს – 1999 წელს.
ლევან ხეირანოვი „კანონიერ ქურდად“ 1980-იან წლებში მოინათლა. 1991 წელს მოსკოვის იზოლატორში ქურდის სტატუსი შეუჩერეს, თუმცა მან ეს სტატუსი მალევე საბერძნეთში აღიდგინა ქართველი „კანონიერი ქურდების“ – ვაჟა ბიგანიშვილისა და ნიკოლოზ შალიბაშვილის მიერ. ლევან ხეირანოვს ახლო მეგობრობა აკავშირებს „კანონიერი ქურდების“ თბილისურ კლანთან. მათ შორის განსაკუთრებით მეგობრობს პაატა ჩლაიძესთან.
„სკაიპი“ არა, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, „ვაიბერი“ ფიგურირებს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აღძრულ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ქურდული სამყაროს წევრობას 40 წლის ქალს ედავებიან. მისი ინტერესების დამცველის თქმით, საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ – კ.გ.-ს ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილ ფულს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, 30700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერები – ე.წ. „ქურდული საერთოს სიები“ და ძვირად ღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ამ შემთხვევაშიც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აღიძრა. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ამ მუხლით ქალს ასამართლებენ, თუმცა საინტერესოა, ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომელთან კავშირსაც მას ედავებიან? ჩვენი ინფორმაციით, ის თურქეთის ციხეში მყოფი 46 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ კობა გველესიანია. მას ქურდულ სამყაროში „სისინას“ მეტსახელით იცნობენ. გველესიანი პირველად 1993 წელს ქუთაისში გაასამართლეს, მას შემდეგ ის არაერთხელ დააკავეს საქართველოში, რუსეთსა და თურქეთში. 2008 წელს თურქეთის სასამართლომ კობა გველესიანს 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანტალიის ციხეს ის 2032 წელს დატოვებს.
სავარაუდოდ, ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებები ფიგურირებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებულ კიდევ ერთ სპეცოპერაციაში. დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით რუსთავში სამი პირი დააკავა. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორის გახლავთ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“, კახა და ლაშა შუშანაშვილების ძმისშვილი. მასთან ერთად დაკავებულია „კანონიერი ქურდის“ ნათლული და, ასევე, მისი მეგობარი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ქურდული სამყაროს სახელით ერთ-ერთ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი – 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვასილ ლ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ს. და 1998 წელს დაბადებული ლაშა შ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია. დაკავებულებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის შუშანაშვილების ძმისშვილი – ლაშა შუშანაშვილიც გახლავთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვისზე მიანიშნებს გამოძიება.
პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ განაახლა ძმები კახა და ლაშა შუშანაშვილების საქმის განხილვა. პროკურატურა მათ „კანონიერ ქურდობას“ ედავება. კახა შუშანაშვილის მიმართ, საქართველოს გარდა, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ესპანეთსა და საფრანგეთშიც.
შუშანაშვილების სახელი ქურდულ სამყაროში ყველასთვის ცნობილია. ესპანური პრესა მათ ქართულ-რუსული მაფიის გენერლადაც მოიხსენიებს. შედარებით ნაკლებად ცნობილია მესამე ძმა – კობა შუშანაშვილი. სწორედ კობას ვაჟი, ლაშა შუშანაშვილი დააკავეს რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად.
აქვე ერთი საინტერესო დეტალიც: ლაშა შუშანაშვილი ერთ-ერთია, ვინც შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ რუსული მაფიის ტახტზე ასვლის სურვილს გამოთქვამს. მას რუსეთში შესვლის ხუთწლიანი აკრძალვა სულ ცოტა ხნის წინ მოეხსნა. რუსული პრესა წერს, რომ „ბოსების ბოსის“ გვირგვინის მოსაპოვებლად შუშანაშვილი მხარდამჭერებს სლავურ დაჯგუფებაში ეძებს. ამ კულუარულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს „კანონიერი ქურდი“ იური პიჩუგინი (პიჩუგა), რომელიც შემჩნეული იყო ხანგრძლივი მივლინებებით საბერძნეთში, სადაც ის ლაშა შუშანაშვილთან ურთიერთობდა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ კი „პიჩუგა“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ტახტის კიდევ ერთ პრეტენდენტთან, სლავური დაჯგუფების ლიდერ ვლადიმირ ტიურინთან. ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ გასული წლის 25 ნოემბერს ტიურინის დაბადების დღეზე იური პიჩუგინი იყო ყველაზე საპატიო სტუმარი. ამ ვერსიით, კალაშოვის შემდეგ ქურდული სამყაროს მართვა შესაძლოა, საკუთარ თავზე ტიურინი-შუშანაშვილის ტანდემმა აიღოს. ამრიგად, არ არის გამორიცხული, რუსულ მაფიაში საკმაოდ საინტერესო კომბინაცია გათამაშდეს.
www.primetime.ge