პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 3 დეკემბერს, წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდსა და რამდენიმე კომერციულ გემს თავს დაესხნენ.
“ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას წითელ ზღვაში გამანადგურებელ ხომალდ USS Carney-სა და კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და, როგორც კი შესაძლებელი იქნება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.” – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
მანამდე, ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა წითელ ზღვაში დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმასა და მომხდარ აფეთქებებზე ცნობა გაავრცელეს.
პენტაგონის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ საიდან განხორციელდა თავდასხმა, თუმცა ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში გემებზე მომხდარი თავდასხმები იემენელი ჰუსიტების დაჯგუფებას უკავშირდებოდა.
ჰუსიტებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენლის თქმით, მალე “მნიშვნელოვან” განცხადებას გააკეთებდნენ.
პენტაგონის განცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წითელ ზღვაში, ბაბ ელ-მანდების სრუტესთან მცურავ ბრიტანულ გემზე იემენელმა ჰუსიტებმა, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში მიიტანეს.