ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის შეთანხმებას ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
საუბარია უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემაზე. შესაბამის შეთანხმებას ბულგარეთის შსს-მ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოში მიაღწიეს, ნოემბერში კი მას ბულგარეთის პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
ჯავშანტრანსპორტიორები დაახლოებით 40 წლის წინ არის წარმოებული, ბულგარეთის შსს-ში ტექნიკას მოძველებული უწოდეს. თუმცა, რუმენ რადევი აცხადებს, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენება ქვეყნის შიგნითაც შეიძლება, მაგალითად, საზღვრების დაცვის ან სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლის დროს.
„ბულგარელი ხალხის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – აცხადებს ბულგარეთის პრეზიდენტი.
პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, თუმცა, გამოიყენებენ თუ არა კანონმდებლები ამ შესაძლებლობას, ჯერჯერობით უცნობია.