თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გასამართლდება, როგორც სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში, „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა გაეროში არსებული სისტემა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრი ძალადობის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების ბლოკირებაში დაადანაშაულა.
„ერთ მხარეს არის 121 ქვეყანა, რომლებიც ამბობენ, რომ ომი და სისხლისღვრა უნდა დასრულდეს, ხოლო მეორე მხარეს არის 3-5 ქვეყანა, რომლებიც ისრაელს თავდასხმებისთვის კარტბლანშს აძლევენ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
სერბეთის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მიმართ 1990-იანი წლების დასაწყისში იუგოსლავიაში კონფლიქტის დროს ომის დანაშაულებში წარდგენილ ბრალდებებს გაეროს ტრიბუნალი განიხილავდა. მილოშევიჩი 2006 წლის 11 მარტს, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.