“ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებით ჩვენ ვიხილეთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმები და პროცესები. თუ ასე აპირებენ სხვა პარტიებშიც გაერთიანებას, ჩვენ მხოლოდ პოპკორნს მოვიმარაგებთ წინასაარჩევნოდ და 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის დამარცხებას ვუყურებთ”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” რაც გიორგი ვაშაძე შევიდა, იმის შემდეგ პარტიამ ნგრევა დაიწყო.
“მამუკა ხაზარაძემ თუ იცის, ანა წითლიძემ რომ მოიხსენია „ლელო“ პატარა პარტიად? მგონი, არ იცის, თორემ სერიოზული კონფლიქტი იქნება. ხაზარაძეს ჰგონია, რომ ის არის ყველაზე დიდი პარტია ოპოზიციაში და მის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს მთელი მანდარინების ბაღები, რადგან ის ყველაზე დიდი ოლიგარქია, თან ამას აღიარებს. პოლიტიკაშიც არის, დიდი ფულიც აქვს და მედიასაშუალებებს ფლობს, თვითონ აღიარა. ის არის აღიარებული ოლიგარქი და ბუნებრივად ექნება მოთხოვნა, რომ მის ირგვლივ იტრიალოს ოპოზიციამ. მე პირადად ამის მომხრე ვარ, რომ ოპოზიციამ ხაზარაძის ირგვლივ იტრიალოს. რასაც ამბობს ეს ადამიანი, იმდენ შეცდომას უშვებს, თუ გაჩუმდება უფრო მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ჩვენთვის სუბიექტურად კარგია. რაც მეტს აკეთებს, მით უფრო მეტ შეცდომებს უშვებს. ვაშაძის „ნაცმოძრაობაში“ შესვლით თუ „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაერთიანდა, ნეტავ, ყველა ოპოზიციური პარტია ასე გაერთიანდეს. რაც ვაშაძე შევიდა, იმის შემდეგ დაიწყო ნგრევა „ნაცმოძრაობამ“. ასე თუ გაერთიანდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, მგონი, ჩვენ წინასაარჩევნოდ ბევრი პროგრამის წარდგენა და საზოგადოებაში ბევრი სიარული აღარც მოგვიწევს, რადგან ფიზიკურად აღარ იარსებებენ. ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებით ჩვენ ვიხილეთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმები და პროცესები. თუ ასე აპირებენ სხვა პარტიებშიც გაერთიანებას, ჩვენ მხოლოდ პოპკორნს მოვიმარაგებთ წინასაარჩევნოდ და 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის დამარცხებას ვუყურებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.