აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
“თუ კონგრესი არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მოთხოვნას უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების შესახებ, ეს იქნება უსაფრთხოების სფეროში დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ უკრაინას”, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს თავისი სასტიკი თავდასხმების შეწყვეტითა და თავისი ძალების უკრაინიდან გაყვანით, აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.
“უკრაინის დახმარება რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში, მისი მომავლის დაცვაში ხელს უწყობს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას მთელს მსოფლიოში და ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა სასწრაფოდ იმოქმედოს”, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.