მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ილაპარაკა თავის ურთიერთობებზე რაფაელ ნადალთან და როჯერ ფედერერთან.
„მინდა თუ არა მომავალში როჯერთან და რაფასთან მეგობრობა? პირადად მე ეს მინდა. მესმის, რომ ჩვენ არ გვქონდა კორტის მიღმა კარგი ურთიერთობა მთელი ჩვენი კარიერის განმავლობაში. ჩვენ არ ვართ მეგობრები, რადგან ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით და რთულია ასეთ დროს ახლო ურთიერთობა და პირადი ცხოვრების საიდუმლოებების განდობა, გრძნობებზე ლაპარაკი, რადგან ეს შეიძლება შენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
მაგრამ ჩვენ იმდენი წელი ვიყავით ერთ არენაზე. და მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მათ მიმართ ყოველთვის იყო დიდი პატივისცემა. ასე რომ, იმედი მაქვს ერთხელ, როცა ფარდა დაიწევა, ჩვენ დავსხდებით და ძველ დროს გავიხსენებთ. ეს მართლაც შესანიშნავი იქნებოდა“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები Tennis Channel-ს.