ესტონეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. რაც შეეხება საქართველოს, ესტონეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ეს კვირა ძალიან დაძაბული იქნება და უფრო მეტიც, ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დაძაბული და სირთულეებით სავსე დისკუსია გველოდება. ყველა საკითხი თავმოყრილია: დაფინანსება, ფონდები, გაფართოება. როდესაც გაფართოებაზე ვსაუბრობთ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის მიმართ პოზიციის დაფიქსირებას. ეს გადაწყვეტილებები განაპირობებს ევროკავშირის ანუ ჩვენს მომავალს და როგორი იქნება სამომავლოდ ევროკავშირის უსაფრთხოება. თუ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს გაფართოების შესახებ, მაშინ არც კი ვიცი რა შეიძლება მოხდეს. ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა, ძალიან ცუდი გზავნილი. ერთი კვირაა წინა და იმედი მაქვს პოზიტიური გადაწყვეტილებების. არ არსებობს არგუმენტი გაფართოების დასაბლოკად“, – მიიჩნევს მინისტრი.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი დღეს დაიწყება. ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს.