ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბატონი ბორელი, ასევე პარტნიორი ქვეყნების საგარეო მინისტრები, მათი ლიდერები აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგებზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ რეფორმები მომავალში გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში მონაწილეობს.
„ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ კავშირშია განგრძობად რეფორმებთან. შესაბამისად, ის, რომ დღეს არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს ამ რეფორმების მიმართულებით, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს გვაძლევს ახალ ძალას, ახალ იმპულსს იმისთვის, რომ სწორედ ის სამოქმედო გეგმები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად შექმნა, არის გზა მომავალში ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მიღება. საქართველოში განხორციელებული რეფორმები იძლევა ამის საფუძველს და ჩვენი პარტნიორები სწორედ ამაზე საუბრობენ. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ ახალ ფაზაში გადაინაცვლოს – გაწევრიანების შესახებ დავიწყოთ მოლაპარაკებები და დავსვათ წერტილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში საბოლოო წევრობისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იწყება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება. ის უკვე მართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.