პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოხერხდა და გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და პლატფორმაა, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით, ევროკავშირი მსჯელობს, თუ როგორ დააახლოოს ქვეყნები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები არიან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და პლატფორმაა – სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მექანიზმის საშუალებით, საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი მიიღო, რომელიც გახდა ძალიან საინტერესო განვითარებების საწყისი. მთავარი გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე, არის ის, რომ საქართველო მზად არის მომავალშიც გააგრძელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნის რანგში თავისი კონტრიბუცია“, -აღნიშნა დარჩიაშვილმა.