ჩემი მეგობარი დონალდ ტუსკი აირჩიეს პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრად. წინა პრემიერობის დროს, 2010 წელს სტუმრობდა საქართველოს და აღფრთოვანებული იყო ქართული რეფორმებით, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„2021 წლის დეკემბერში ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისას, პარტიის ყრილობის პირველ რიგში, მან მაგიდაზე დაადგმევინა დაფა ჩემი წარწერით და გამომშვიდობებისას შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “მე ვფიქრობ, რომ ჩემი თავმჯდომარეობის საუკეთესო დასასრული მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა იქნება”. შემდეგ მან მთელი წერილი წაიკითხა და ამას ფეხზე დამდგარი მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ასეთი მხარდაჭერისთვის. წარმატებები დონალდსა და ჩემს უსაყვარლეს პოლონეთს!“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
თუმცა, 2019 წელს ჩატარებული არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილმა კაჩინსკის პარტიას „იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე“ გამარჯვება მიულოცა. მაშინ კაჩინსკის პარტიის მთავარი კონკურენტი იყო ოპოზიციური „სამოქალაქო კოალიცია“, რომელიც შედგებოდა ევროსაბჭოს მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმისგან“ და სხვა მცირე ლიბერალური პარტიებისგან.
მაშინდელი ფეისბუქ-პოსტის პირველ ნაწილში სააკაშვილ გიგა ბოკერიას აკრიტიკებდა და მას ივანიშვილის ნაყიდსა და ოლიგარქის ხელის ბიჭს უწოდებდა. მეორე ნაწილში კი კაჩინსკის პარტიას გამარჯვებას ულოცავდა.
„თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით „ყველა მინუს მიშა“, ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება!
P.S. ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!”, – წერდა სააკაშვილი.