დუბაიში, სამიტზე COP28 ახალ კლიმატურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენება თანდათან უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
თუმცა ტელეარხის ცნობით, შეთანხმების ტექსტი ბუნდოვანია, რაც გარკვეულ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს მიზნის მისაღწევად მინიმალური ძალისხმევა გაწიონ. მსოფლიო ლიდერების მოლაპარაკებები 2 კვირა მიმდინარეობდა.
COP28-ის პრეზიდენტმა, სულთანმა ალ ჯაბერმა სამიტის ბოლო სესიაზე შეთანხმებას ისტორიული უწოდა.
„პირველად, ჩვენს საბოლოო შეთანხმებაში შეტანილია სიტყვები წიაღისეული საწვავი გამოყენების შეწყვეტის შესახებ. ეს პარადიგმის ცვლილების ნიშანია, რომელსაც პოტენციალი აქვს ხელახლა განსაზღვროს ჩვენი ეკონომიკები“, – განაცხადა მან.
ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეთანხმება წიაღისეული საწვავის ხანის დასასრულია, თუმცა სხვა სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი კლიმატური კრიზის მოგვარებისთვის საკმარისი არ არის.