ჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას, ვიბრძვით ძალიან დიდი ხანია და არ დავიღლებით, მაგრამ დადგა დრო, როდესაც გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საზოგადოებამ, – ამის შესახებ ”კურიერის” წამყვანმა, დიანა ჯოჯუამ რუსთაველის გამზირზე, ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რა იქნება ხვალ – გავიღვიძებთ სახელმწიფოში, რომელსაც სურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება თუ იმ სახელმწიფოში, სადაც ავტოკრატია იქნება გამეფებული.
ევროპული არჩევანი, რომლითაც ხელისუფლება იწონებს თავს, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, რადგან ევროპული არჩევანი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მაღალ ხარისხს, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია.
ჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას, ვიბრძვით ძალიან დიდი ხანია და არ დავიღლებით, მაგრამ დადგა დრო, როდესაც გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საზოგადოებამ. ჩვენს ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული, გარისკავს თუ არა ხელისუფლება, დაადუმოს ”რუსთავი 2”,- განაცხადა დიანა ჯოჯუამ.