ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ კარები ფართოდ უნდა გავუღოთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ სრული უფლება ჩაერთონ სამუშაო პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი გაუცხოება ამ პროცესისგან მათ დააზიანებთ.
„ლელოს“ ეს ნაბიჯი მათ მიერვე გასულ წელს გადადგმულ ნაბიჯებს მახსენებს, სამუშაო ჯგუფების მუშაობის სრული ბოიკოტირება, სადაც უმრავლესობა და მათთან ერთად ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი მუშაობდა. ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის ეგიდით ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობაში გაერთიანებულ უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო. ეს უნდა ვაღიაროთ. ამ შეხვედრებში არ მონაწილეობდა არც „ლელო“, არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია, ვინც დღეს საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, თითო პოლიტიკოსის და რამდენიმე პარტიის გამოკლებით. ამან მოიტანა ფანტასტიკური შედეგი საქართველოსთვის. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ისე, რომ შეუძლიათ, ეს ბოიკოტი გააგრძელონ, ჩვენ კარგად გვაქვს დაცდილი მათი ბოიკოტები, ნუ მობრძანდებიან, ეს მათი საქმეა. ძალით ხომ არ შემოვიყვანთ ამ შეხვედრებზე „ლელოს“ წარმომადგენლებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ესწრებოდა ბოლოს და ბოლოს ამ შეხვედრას. მესმის, რომ „ლელოს“ ხედვა მათივე წარმოდგენით შეიძლება, განსაკუთრებული იყოს, მაგრამ კარჩაკეტილად სხდომების ჩატარება, პარალელური პროცესის შექმნა პარლამენტში ვფიქრობ, არ წაადგება ჩვენ საერთო საქმეს.
კანდიდატის სტატუსი, ისევე როგორც მანამდე ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხომ არ იყო მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და მისი წევრებისთვის გაკეთებული. ამით ხომ ყველა ვსარგებლობთ. მაგალითად, ქალბატონი ნაცვლიშვილი უვიზოდ მიბრძანდება ევროპაში, როდის მოვიპოვეთ ეს ყველაფერი? „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მაგრამ ვინმე აყვედრის მას ამას, ვინმე წინ დაახვედრებს რომელიმე ჩვენ მოქალაქეს ამ ამბავს? ეს ხომ საერთო მონაპოვარია. ამიტომ, მე და არამხოლოდ მე, ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ კარები ფართოდ უნდა გავუღოთ ადამიანებს პოლიტიკურ პარტიების ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელსაც აქვს სრული უფლება ჩაერთონ ამ სამუშაო პროცესში. ნებისმიერი გაუცხოება ამ პროცესისგან პირიქით მათ დააზიანებთ, ისევე როგორც დააზიანებს ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა და ცალკერძად აქტიურობა დაეფიქსირებინათ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.