საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჟოზეფ ბორელის ვიზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.