ეს ადამიანი [გიორგი ვაშაძე] ჯერ ონკოპაციენტებს აყენებდა შეურაცხყოფას, ახლა აუტიზმს იყენებს, როგორც სალანძღავ სიტყვას. სინამდვილეში ამ ყველაფრით ის საკუთარი უზნეობის სტანდარტსა და ფსკერს ავლენს – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ერთ-ერთ ტელეარხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.
„მოვიდა დრო, რომ მსგავსი განცხადებების საფუძველზე უბრალოდ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მან და მისმა თანაგუნდელებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და შესაბამისი შეფასება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ნორმალურ საზოგადოებაში მსგავსი პერსონები პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეღარც კი უნდა ბედავდნენ. ამ ფორმულირებით ის შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე, არამედ მთლიანად შშმ პირებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.