საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს ბაზიერთა კავშირისა და ბაზიერთა ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში ბაზიერთა ორ დღიანი ფორუმი გაიმართა. მთავარი გზავნილით — „ერთობა, ტრადიცია და პასუხისმგებლობა — ბაზიერობის მომავლისთვის! ფორუმის მთავარი თემა იყო “ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია — თანამედროვე გამოწვევების წინაშე. ტრადიციის, ერთობისა და განვითარების ახალი ეტაპი.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს აჭარის, გურიის, სამეგრელოს, ფოთისა და თბილისის ბაზიერთა ჯგუფებმა, ფორუმს დაესწრნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები, სახლემწიფო უწყებების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.
ფორუმის მიზანი იყო უნიკალური ტრადიციის შენარჩუნება, ბაზიერთა საზოგადოების გაძლიერება, დარგში არსებული გამოწვევების ერთობლივი განხილვა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. ბაზიერობა ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ადამიანის, ბუნებისა და მტაცებელი ფრინველის განსაკუთრებულ ურთიერთობას ეფუძნება.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე:
• ბაზიერთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხების მოწესრიგება;
• ბაზიერთა შეჯიბრებების დებულების განახლება და ერთიანი სტანდარტების შემუშავება;
• ბაზიერთა სკოლის დაარსების ინიციატივა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
• სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო შეხვედრებისა და ლექციების ორგანიზება;
• მტაცებელი ფრინველების დაცვა, რეაბილიტაცია და გამრავლების ხელშეწყობა;
• 2027 წლის ბაზიერთა შეჯიბრებებისა და ფესტივალების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
მტაცებელი ფრინველების დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ, ამიტომ ფორუმის ერთ – ერთი მთავარი აქცენტი მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას შეეხო. ფორუმის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს ფრინველთა რეაბილიტაციის, გამრავლებისა და ბუნებრივ გარემოში მათი როლის შესახებ. საუბარი შეეხო, ასევე, იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ბაზიერთა გამოცდილების ბუნების დაცვისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გამოყენებას უკავშირდება.
დიალოგიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე – ორ დღიან ფორუმზე ქართული ტრადიციის განვითარების საერთო ხედვა და განვითარების პერსპექტივები, დარგში არსებული პრობლემები, სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ბაზიერთა ჯგუფებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. იმსჯელეს ორგანიზაციული საკითხების თაობაზე, მათ შორის ბაზიერთა შეჯიბრებების დებულების განახლების საკითხის შესახებ და სამომავლო გეგმები დასახეს.
ღონისძიების დასასრულს, თბილისის ისტორიულ უბანში — აბანოთუბანში, გორგასლის მოედნისა და შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე ფორუმის მონაწილეების ერთობლივი და სამახსოვრო ფოტოსესია მოეწყო.საერთო მიზნით, ბაზიერობის ძლიერი მომავალი. ფორუმის საფუძველი საერთო პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა იყო, სადაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, თანამედროვე ცოდნა, ბუნების დაცვა და ახალი თაობის განათლება ერთიანდება.
საქართველოს ბაზიერთა ასოციაცია და ბაზიერთა კავშირი უახლოეს პერიოდში ბაზიერთა საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ცოცხალი შოუ. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მოწვეულნი იქნებიან საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიო ბაზიერთა ორგანიზაცია IAF-ის პრეზიდენტი. მსოფლიო იუნესკოს წარმომადგენელი და ასევე ევროპელი ბაზიერები მტაცებელი ფრინველებით, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ტურიზმის ახალი მიმართულების განვითარებას.
ფორუმს სასტუმრო “მატიანემ” უმასპინძლა
