პრევენციას, ნებისმიერ დანაშაულთან ბრძოლაში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ სახელმწიფო ვერ ახდენს ეფექტიან პრევენციას, შემდეგ შეუძლებელი ხდება ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება და ყველა ასეთი დანაშაულის გამოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენი პრიორიტეტია დავიწყოთ პრევენციით, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ერთი მხრივ იმაზე, რა არის დანაშაული, რა შემთხვევაში შეუძლიათ დაიცვან საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართონ და მეორე მხრივ, თუ შეამჩნევენ, რომ სხვა ადამიანები შეიძლება იყვნენ დანაშაულების მსხვერპლები, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების ინფორმირება. შესაბამისად, ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან. სპეციალურად, რეგიონებში იმართება შეხვედრები, ასევე ცნობიერების ამაღლების კამპანიები ხორციელდება სტუდენტებისთვის. ეს შედეგებს გვაძლევს იმ კუთხით, რომ წლიდან წლამდე გაზრდილია შეტყობინებების მაჩვენებლები“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.