ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის განცხადებით, სამართლიანი იქნება, სასჯელის მოხდის ვადად ჩაითვალოს ის 62 თვე, რომელიც ასანჟმა უკვე გაატარა საკანში.
„თქვენ შეძლებთ ამ სასამართლო დარბაზიდან გასვლას, როგორც თავისუფალი ადამიანი“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ასანჟმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვა. ის მშობლიურ ქვეყანაში, ავსტრალიაში გაემგზავრა.
ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი პატიმრობიდან გათავისუფლდა აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა.
წლების განმავლობაში აშშ ამტკიცებდა, რომ „ვიკილიქსის“ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი კი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა. მათ შორის იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ვერტმფრენიდან ბაღდადში სამოქალაქო პირებს ესვრიან.
ასანჟი შვიდი წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, ვიდრე 2019 წელს პოლიცია დააკავებდა. აშშ-მა იმავე წელს ჯულიან ასანჟის ექსტრადირება მოითხოვა. ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა.