რამდენიმე საათში გერმანიაში საქართველოსთვის გადამწყვეტი მატჩი დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას ხვდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც გულშემატკივარი მატჩის ყურებას დიდ ეკრანზე შეძლებს.
რუსთავში, ცენტრალურ პარკში 18:00 საათიდან საფეხბურთო სივრცე გაფორმდება სახელმწიფო დროშებით, სახელმწიფო დროშებით მორთული ელექტრომობილებით კი რუსთავის ქუჩებში ახალგაზრდების მსვლელობა მოეწყობა.
საქართველო პორტუგალიის თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისთვის ემზადება მცხეთა. მატჩის ჩვენება სვეტიცხოვლის მოედანზეა დაგეგმილი. მატჩის ჩვენება გაიმართება მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგშიც. ამინდის გაუარესების შემთხვევაში თამაშის ტრანსლაცია დახურულ სივრცეებში მოეწყობა.
საფეხბურთო მატჩის ჩვენება ორ ადგილას გაიმართება ბათუმში, სტადიონთან და ანბანის კოშკთან. დამონტაჟებულია ეკრანები და მოწყობილია სპეციალური სივრცეები, რომლებიც საფეხბურთო ატრიბუტიკით არის გაფორმებული. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, საქართველო პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე მისულ ადამიანებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
საფეხბურთო მატჩის საყურებლად გულშემატკივრები გორში, თეატრის სკვერში იკრიბებიან. მატჩამდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. ქომაგების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, ჩატარდება სპორტული ვიქტორინაც. იქ მისულ ადამიანებს საგულშემატკივრო სივრცეში კვების ობიექტებიც დახვდებათ.
მატჩის პირდაპირი ჩვენება „რანის“ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება ლაგოდეხში. გულშემატკივარს საშუალება ექნება შეხვედრის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული შეხვედრების განსაკუთრებული მომენტები ნახოს. მიმდებარე ტერიტორიაზე ღია პავილიონებია მოწყობილი, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ.
მატჩის პირდაპირი ტრანსლირება დიდ ეკრანებზე, ქუთაისში მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. 19:00 საათიდან დაუკრავს დიჯეი და მოეწყობა სპორტული ღონისძიებები.
გამარჯვებას ელოდება ზუგდიდიც. დიდი ეკრანი დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა დამონტაჟებული. მატჩის დაწყებამდე საქართველოს დროშებით და ეროვნული ნაკრების მაისურებით ახალგაზრდები ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ.