ვილი სანიოლმა შედეგი დადო და გუნდი სხვანაირად შეკრა – რაც არ უნდა დიდი ვარსკვლავი იყოს, ერთი კვარაცხელია მარტო ვერაფერს იზამდა გვერდზე თანაგუნდელები რომ არ ჰყავდეს, – ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მინაშვილმა აღნიშნა, რომ გუნდურობა ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია. სპორტული მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ფეხბურთი გაიზარდა.
„ქვეყანაში ფეხბურთი გაიზარდა, გულშემატკივრობაც კი სხვანაირია. ქომაგები საოცრებებს აკეთებენ გერმანიაშიც კი. ასევე უფრო მეტად განვითარდა ინფრასტრუქტურა, დღეს უფრო მეტი ცოდნაა ქართულ ფეხბურთში. თან ეს ბიჭები დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში, გაიზარდნენ ცოტა სხვა პრინციპებზე და ეს ყველაფერი ერთად მოხდა“, – განაცხადა დავით მინაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.