არჩევნები დემოკრატიულ ქვეყანაში მთავარი მოვლენაა და არ უნდა მოხდეს წინასწარ პრეფერენციების გაკეთება, ვისი არჩევანი მოსწონთ და ვისი არა, როდესაც საარჩევნო პროცესი არ დაწყებულა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები იქნება არჩევნებამდე პერიოდის მუშაობის მთავარი საკითხი.
„ამ საკითხებზე განსაკუთრებული სიფრთხილით მართებს ყველას დამოკიდებულება და მუშაობა იმიტომ, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყანაში მთავარი მოვლენაა, ხდება მოქალაქეების ნების გამოხატვა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქის ხმა არის ძალიან ძვირფასი არჩევნების პროცესში და არ უნდა მოხდეს წინასწარ პრეფერენციების გაკეთება, ვისი არჩევანი მოსწონთ და ვისი არა, ვინ რას აშავებს თუ აფუჭებს მაშინ, როდესაც საარჩევნო პროცესი არ დაწყებულა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესს არ მიადგეს ზიანი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის არაერთი მცდელობა იმისა, რომ თუნდაც, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაზიანებულიყო ან შესუსტებულიყო. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს არჩევნების ადმინისტრირებას და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მან შეძლოს გამართულად ფუნქციონირება. ადევნებთ თვალ-ყურს, რამხელა ბრძოლაა საჭირო იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულფასოვნად იმოქმედოს და იმუშაოს იმისთვის, არ შეექმნას საფრთხე იმას, რაც ყველა დასკვნაში იწერებოდა – რომ არჩევნები საუკეთესოდ იყო ადმინისტრირებული. ბოლო ათწლეულში გვაქვს მიღწევა, რომ არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით აღარ ისმის კითხვები და აქ აღარ უნდა გაჩნდეს კითხვის ნიშნები. ამისთვის ვშრომობთ, ვიბრძვით და ამ პირობებში, როდესაც წინასწარ ხდება ეჭვების გამოთქმა, რომლებიც არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. ეს არის კარგი ფორმატი, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავაჟღეროთ ჩვენი პოზიციები. აქ იყო ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ მოისმინეს ჩვენი პოზიციები და ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომელსაც ყოველთვის ვიყენებთ და გამოვიყენებთ, რომ ჩვენი პოზიციები ისმოდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.