გიორგი ლორია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „დინამო თბილისს“ დაემშვიდობა და კარიერას არადიპოს „ომონიაში“ გააგრძელებს – ტრანსფერი კვიპროსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„არადიპოს „ომონია“ აცხადებს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს ნაკრების გამოცდილ ქართველ მეკარესთან, გიორგი ლორიასთან! მივესალმებით გიორგის ჩვენს ოჯახში და ვუსურვებთ წარმატებებს არადიპოს „ომონიაში“, ამ ფერებში, ამ სეზონში“, – წერია კლუბსი განცხადებაში.
გიორგი ლორია 38 წლისაა. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ითამაშა ხუთ სხვადასხვა ლიგაში. 17 წლის ასაკში გადავიდა „დინამო თბილისის“ აკადემიაში, სადანაც მთავარ გუნდში 2005 წელს პირველად ითამაშა. „დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, მან კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა და თამაშობდა ბერძნულ „ოფი კრეტაში“, გადავიდა პირეოსის „ოლიმპიაკოსში“, მაგრამ გუნდიდან სწრაფად წავიდა. გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარას „კრილია სოვეტოვში“, მახაჩკალას „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.
2019 წლის 4 ივლისს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს კვიპროსის „ანორთოსისთან“, სადაც ოთხი სეზონი იყო გუნდის პირველი მეკარე. ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ივნისში ლორია „დინამო თბილისს“ დაუბრუნდა და სეზონის ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა.
ეროვნული ნაკრების მეკარეებში ლორიას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული – 77 შეხვედრა. გერმანიაში, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.