ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წლიდან წლამდე საქმიანი ტურიზმის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაემატება 125 ახალი განთავსების ობიექტი, ქვეყანაში შეიქმნება 9 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიზრდება საწოლი ადგილების რაოდენობა.
„საქმიანი ტურიზმი გამორჩეულად მაღალი პრიორიტეტის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. ამის მიზეზი მარტივია – საქმიან ტურიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ზოგადად, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მეტი დანახარჯი მოაქვს. ქვეყანაში შემოდიან დიდი ზომის ჯგუფები, საქართველოში ტარდება კონფერენციები, საერთაშორისო ღონისძიებები და ეს პირდაპირ ისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია სხვა მომიჯნავე სექტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ღონისძიების კარგად ჩატარებას.
შესაბამისად, მობილიზებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წლიდან წლამდე საქმიანი ტურიზმის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომის შედეგია. ჯამში დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს დაახლოებით 141 ათასზე მეტი საწოლი ადგილი, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი როდესაც ვსაუბრობთ საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე, რადგან უცხოური კომპანიები პირველ რიგში ინტერესდებიან განთავსების ადგილებით და პირდაპირი ფრენებით.
გვაქვს გეგმა მომავალი სამი წლის განმავლობაში, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაემატება 125 ახალი განთავსების ობიექტი, ქვეყანაში შეიქმნება 9 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიზრდება საწოლი ადგილების რაოდენობა. ეს უფრო მეტად უტოლდება იმას, რომ გაიზარდოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. შევძლებთ, რომ დიდი ზომის ჯგუფებს, დიდი ზომის ღონისძიებებს, სხვადასხვა აქტივობას თამამად ვუმასპინძლოთ“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.